ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ზე აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას შეცდომა უწოდა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, გაზსადენის ფუნქციონირების დაწყების პირობად უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანა ან უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების აშკარა პერსპექტივა შეიძლება დასახელდეს.
„ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა და ეს შეცდომა ძვირი დაგვიჯდება. ამ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობებს ვხედავ, თუ უკრაინას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას შესთავაზებდნენ ან თუ გაზსადენის გახსნას გამოიყენებდნენ როგორც ბერკეტს, რათა რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოეთხოვათ“, _ განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ასევე განაცხადა, რომ ახალი გაზსადენი ვლადიმერ პუტინის უდიდესი გამარჯვებაა, მისივე თქმით, მან ამ გამარჯვებისთვის ძალიან დიდი ფასი უნდა გადაიხადოს
“ეს არის სერიოზული ბერკეტი და არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს ბერკეტი როგორმე მაქსიმალურად დადებითად გამოიყენოთ. თუ ეს არ გაკეთდა, ეს მარცხი იქნება, პირველ რიგში, იმ სახელმწიფოებისთვის, ვინც ამ გაზსადენზე შეთანხმდნენ”, – აღნიშნა ლანდსბერგისმა .
ცნობისთვის, 21 ივლისს აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
უკრაინამ და პოლონეთმა რეაგირება მოახდინეს ერთობლივი განცხადებით, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი ითანამშრომლებენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან Nord Stream 2-ის დაწყების წინააღმდეგ, სანამ მილსადენების უსაფრთხოების კრიზისი არ იქნება გადასაჭრელი.
ავტორი: მერაბ ცაავა