მოქალაქე რუსთავის ერთ-ერთი განყოფილების პოლიციელებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს.
32 წლის კაცი ფორმულასთან საუბრისას ყვება, რომ მას რუსთავის მე-3 განყოფილებაში სასურველი ჩვენების მისაღებად არაერთი პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა.
მოქალაქის თქმით, მას თავის არეში, სახესა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში 5 პოლიციელი ურტყამდა.
ამასთან, ახალგაზრდა კაცი ყვება, რომ პოლიციის შენობაში ყოფნისას მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ცდილობდნენ, აჩვენეს ცოლის ფოტოები და შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართავდნენ.
“აქ მოხდა ჩემზე არაადამიანური მოპყრობა, 5 სამართალდამცველი ახდენდა ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. ვეუბნებოდი, რომ აღარ დაერტყათ ჩემთვის იმიტომ, რომ ვეღარ ვიყავი გონზე. ორი თანამშრომელი სახეში მირტყამდა. უნდოდათ, რომ შესაბამისი ჩვენება მიმეცა”, – ამბობს მოქალაქე.
ფორმულა მომხდართან დაკავშირებით რუსთავის პოლიციის შენობასთან მივიდა და განყოფილების უფროსთან გასაუბრებას ცდილობდა, თუმცა მან ისე დატოვა შენობა, რომ მედიის მიერ დასმულ არც ერთ კითხვას არ უპასუხა.
მომხდარის შესწავლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.
წყარო: ფორმულანიუსი