მოძრაობა ,,დროას“ დამფუძნებელი და ევროპული საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი იქნება, _ ამის შესახებ მან ნიკა მელიასთან ერთად ვიდეო მიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ცვლილებებისა და გამარჯვების დრო
“დგება მომენტები, როცა ვიწროპატრიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დადგე… ამ უიმედობის განცდის წინაშე რომელიც დღეს “ოცნების” მთავარი საყრდენია, ჩვენ, მე და ნიკა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციიდან კიდევ ბევრი, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვიბიძგებს, რომ დღეს დავდგეთ ერთად და დავიწყოთ ერთიანი ბრძოლა. იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი იქნება ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია.
ცნობისთვის, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ოქტომბრის არჩევნები სხვა მსგავსი არჩევნებისგან იმით გამოირჩევა, რომ მისი შედეგები უშუალოდ განსაზღვრავს არა მხოლოდ მუნიციპალური ორგანოების დაკომპლექტებას, არამედ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ბედს. იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება პროპორციული წესით ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.
ავტორი: მერაბ ცაავა