აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყანაში “ფაიზერის” ვაქცინის 500 ათასი დოზა ჩამოვიდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 00:15 წუთზე დაეშვა.
ვაქცინას საქართველოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამრელიძე დახვდნენ.
ცნობისთვის, ამერიკის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოს რამდენიმე ასეული ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საჩუქრად რამდენიმე კვირის წინ გადმოეცა.
“ფაიზერის” პირველი დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 24 ივლისიდან გაიხსნება.
საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის 28 000 დოზა 14 ივლისს შემოვიდა. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელია 18 წლის ასაკიდან მოქალაქეებისთვის. თუმცა, მინისტრის ბრძანების თანახმად, Pfizer-ის შემდეგი პარტიის მიღების შემდეგ, აცრა 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.
როგორც ჯანდაცვის სამნისტროში განმარტავენ, უსაფრთხოების მიზნით, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება მხოლოდ კლინიკებშია შესაძლებელი, განსხვავებით Sinopharm-ისა და Sinovac-სგან, რომლებით აცრაც დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც მიმდინარეობს. კონკრეტულად Pfizer-ით ვაქცინაცია, ქვეყნის მასშტაბით, 7 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი:
ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური; კავკასიის მედიცინის ცენტრი; აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა; ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი; ქ. ბათუმში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო; ქ. ქუთაისში დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი; ქ. გორში გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი.
Pfizer-ის პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი 21-28 დღეა. ვაქცინა გერმანულ კომპანია ბიონტექთან ერთად შეიქმნა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი პირველი ვაქცინაა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა.
ავტორი: მერაბ ცაავა