დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც სამტრედიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა თევზაძე ,, გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, სამტრედიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სერიოზულად გართულებულია.
,, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა სამტრედიის მუნიციპალიტეტში გაორმაგებულია, რაც რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული. პირველ რიგში, ზაფხულია და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში გაზრდილია, როგორც შემომსვლელთა, ასევე საკურორტო ზონებში გამსვლელთა რიცხვი. ამავდროულად, მოსახლეობა დახურულ სივრცეში არ იკეთებს პირბადეებს, ფიქსირდება სარიტუალო ხალხმრავალი შეკრებები, რასაც სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ. ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა, პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. მოვუწოდებ სამტრედიის მოსახლეობას, გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის ჯანმრთელობას.”
ავტორი: ნინო ნანიტაშვილი