საქართველო, უკრაინა, ალბანეთი, მაკედონია და ნორვეგია შეუერთდნენ ევროკავშირის 21 ივლისის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაგრძელებასთან დაკავშირებით _ სანქციები რუსეთს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო დაეკისრა.
საქართველოს და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს ვებგ-ვერდი ავრცელებს.
“კანდიდატი ქვეყნები _ მაკედონია და ალბანეთი, ასევე ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი, აგრეთვე უკრაინა და საქართველო უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და ისინი უზრუნველყოფენ მათი ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობას საბჭოს ამ გადაწყვეტილებასთან. ევროკავშირი გაითვალისწინებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას”, _ წერია განცხადებაში.
ანტირუსული სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 21 ივლისს მიიღო. სანქციები 2022 წლის 23 ივლისამდე იმოქმედებს.
ეს სანქციები ზღუდავს ევროკავშირში ყირიმში წარმოებული პროდუქტების მიზნობრივ იმპორტს, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ. ფინანსურ საინვესტიციო და ტურისტულ სერვისებს.
პირველად, ყირიმის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივნისში ამოქმედდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმში რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ, საარჩევნო კომისიის თანახმად, მხარი დაუჭირა ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებას.
არც უკრაინა და არც დასავლეთის რომელიმე სხვა ქვეყანა ამ რეფერენდუმის ლეგიტიმურობას და მის შედეგებს არ ცნობს. მომხდარს დასავლურმა სამყარომ ყირიმის რუსეთის მიერ ანექსია უწოდა.
საქართველო ანტირუსულ სანქციებს 2015 წელს შეუერთდა.