მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით შევიდა.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2021-2022 სასწავლო წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ – 1, 4, 7, 10 კრედიტქულებით.
ამასთან ცვლილებები შეეხო შემდეგ პუნქტებს:
პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი
იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის დაწყებამდე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 თვისა აცხადებს კონკურსს.“.
სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელსაც 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.
პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს, 2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).
წყარო: etaloni.ge