რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ამ დრომდე დაუდგენელია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის შანე ბრუკი. თუმცა, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, “მეგობარს რომ დაურეკა, ისმოდა კივილი, ყვიროდა, გამიშვით ხელიო”.
ცნობისთვის, თბილისში 31 წლის ავსტრალიელ ქალს, შანე ბრუკის პოლიცია, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის წარმომადგენლები, მისი მეგობრები და მოხალისეები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
არსებული ინფორმაციით, ტურისტი ვიდეოკამერებმა ბოლოს გუშინ, 30 ივლისს, თბილისის დროით 15:33 საათზე ვერაზე, სახლიდან გასვლისას დააფიქსირეს. დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მან WhatsApp-ში მეგობარს დაურეკა და დახმარება ითხოვა. ამბობდა, რომ თავს დაესხნენ.
აღნიშნულის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ. როგორც ფერაძე წერს, გარდაცვლილი მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბლის ქვეშ უპოვიათ.
_ ეშმაკის ბორბლის ქვეშ იპოვეს დამალული, ტოტები და ფოთლები ეფარა, _ წერს ფერაძე.