კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე, მადლობა უფალს და მადლობა თქვენ ყველას ერთად! ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გავიმარჯვეთ სუფთა, თეთრი ხელებით (30 კვირის ორსულობა. პლაცენტის ნაადრევი აცლა, სისხლდენა), _ ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მედალფას ჩოხატაურის კლინიკის გინეკოლოგმა სალომე თურმანიძემ დაწერა.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა სალომე ექიმს და სიცოცხლის გადარჩენის შესახებ დეტალები გამოჰკითხა:
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 30 კვირის და 5 დღის ორსული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის მცხოვრები ხათუნა ბერსელაძე, სისხლდენით. დაისვა დიაგნოზი პლაცენტის ნაადრევი აცლა.
ოპერატიულაად მოხდა მობილიზება და რამდენიმე წუთში პაციენტი შევიყვანეთ საოპერაციოში. გაკეთდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ნაყოფი, ,ცოცხალი, წონით 1100გრამი. ახალშობილი გადაყვანილი იქნა ქ. ბათუმში დღენაკლთა განყოფილებაში.
მელოგინე დამაკმაყოფილებლად გრძნობს თავს. აგრძელებს მკურნალობას ჩვენს კლინიკაში, _ გვითხრა გინეკოლოგმა სალომე თურმანიძემ.
სალომე ექიმს ვთხოვეთ, დაესახელებინა პერსონალი, ვინც ახალი სიცოცხლის დაბადებასა და გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც თურმანიძემ გვითხრა ესენი იყვნენ: გინეკოლოგები _ სალომე თურმანიძე და ბაკურ სალდაძე; ნეონატოლოგი _ ოლიკო გიორგაძე; ანესთეზიოლოგი _ ნანა ჯიბუტი; რადიოლოგი _ ცირა ბერიძე.
ექთნები _ თათია ჩხაიძე, იამზე ცინცაძე, ირმა სიხარულიძე, ნანა ჯიქია, ელისო კენჭაძე იყვნენ, _ გვითხრა სალომე თურმანიძემ.
„გურია ნიუსი“ ულოცავს „მედალფას“ გუნდს ამ გამარჯვებას და კიდევ ბევრი სიცოცხლის გამარჯვებით დაბადებას უსურვებს.