შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან დამატებითი სესია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის ჩატარდება. პროცესი 13 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
“წელს დამატებითი სესიები იმ 170-ზე მეტი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველისათვის ტარდება, რომლებმაც ვერ შეძლეს ტესტირებაში მონაწილეობის მიღება covid-19-ის ინფექციის დადასტურების გამო. პროცესის მიმდინარეობას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე თბილისის N191-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრში დააკვირდა.
11 აგვისტოს დამატებითი სესია ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, 12 და 13 აგვისტოს კი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა. ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.
პირველადი შედეგების გამოქვეყნება ყველა სესიის დასრულებისა და ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება.
დღეს, 10 აგვისტოს 18:00 საათზე სრულდება სააპელაციო განაცხადების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაასაჩივრონ როგორც ერთი ან რამდენიმე დავალება, ასევე მთლიანი ტესტი. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება)”,_ ნათქვამია განცხადებაში.