ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებები მაქსიმალურად ცდილობენ, გაკონტროლდეს თავშეყრები, რომელიც შეიძლება, კორონავირუსის გავრცელების წყაროდ იქცეს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია, კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონცერტებს უკავშირდება.
ტიკარაძის განცხადებით, მხოლოდ ჯილდოების გადაცემის ღონისძიება გაიმართება.
„მხოლოდ ჯილდოების გადაცემა გაიმართება. რეგულაციები სრულად იქნება დაცული. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შესაბამის პირებთან კომუნიკაცია გვქონდა. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არ შეიძლება, ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც კონცერტებთან, ისე, სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაკონტროლდეს და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს“ , – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.