გუშინ, ფეისბუქში, მიხეილ სააკაშვილის გვერდზე გამოქვეყნდა პროსტი, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი წერს:
“როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და “ქოცებს“ დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად, ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1 000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება, “ივანიშვილი გკლავს“, ეგეთ სტილში“.
რამდენიმე ხნის შემდეგ, პოსტი სააკაშვილის ფეისბუქგვერდიდან გაქრა, ყოფილმა პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ მას ეს პოსტი არ დაუწერია:
“სუსმა, როგორც ჩანს, მოახერხა მაინც ჩემი პეიჯის გატეხვა, უკვე მეორეჯერ, რაღაც სრულიად გაურკვეველი ტექსტით.
ახლა მივწერე Facebook-ს რომ დამატებით დაცვები დაამატოს.
მაინც არაფერი არ გამოგივათ მეგობრებო, არც ერთ ამ თემაზე, რომელზეც ახლა ნერვიულობთ.
რისი თქმა უნდოდათ ამ ტექსტით ეგეც ვერ გავიგე ბოლომდე…“ _ დაწერა სააკაშვილმა.
“გირჩის“ წევრს ვახტანგ მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს პოსტი არ უნდა წაეშალა:
“მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იდეაში “ნაციონალური მოძრაობა“ ამას ისედაც აკეთებს. რომ შეხედოთ მედიას ან განცხადებებს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების, რაც, მაგალითად, ამ სტატუსში ეწერა იგივე ბრალდებები ისმის მედიაში. განსხვავება რაში მდგომარეობს, მე იმასაც ვერ ვხვდები. საერთოდ არ უნდა წაეშალა მიხეილ სააკაშვილს ეს სტატუსი, ჩვეულებრივი ამბავია. ამას ისედაც პოლიტიკურ დებატებში პოლიტიკოსები ლაპარაკობენ“, _ თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.