დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
NCDC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელებისა და ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლისა და სიკვდილიანობის შემცირების ძირითადი გზა სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის მაქსიმალურად ზრდაა.
უწყების თქმით, ვაქცინაციის პროცესის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის კამპანიაში მაქსიმალურად ჩაერთოს სამთავრობო და კერძო სექტორი, ფარმაცევტული, სავაჭრო, სამრეწველო, საბანკო, სამასპინძლო, საგანმანათლებლო და სხვა სექტორები.
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზად არის ჩაატაროს დამატებითი საინფორმაციო ონლაინ შეხვედრები სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომელთათვის და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა მათ შეკითხვას. დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს”,– ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა და გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლი და სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს. დღეს კი საქართველოში კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.