შეზღუდვები ეპიდვითარებას 80%-მდე გააუმჯობესებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უწყებათაშორისმა საბჭომ შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დაკვირვების რეჟიმიდან გამომდინარე მიიღო.
„მიგვაჩნია, რომ დღეს დაწყებული შეზღუდვები 80%-მდე გააუმჯობესებს იმ ეპიდვითარებას, რომელიც ამ ეტაპისთვის გვაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ჩვენ ეს ფაქტობრივად დავინახოთ, საჭიროებს გარკვეულ პერიოდს. ეს პერიოდი, როგორც უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, 2 კვირის ვადაში განიხილება-ხოლმე. აქედან გამომდინარე იქნა საბჭოს გადაწყვეტილება მიღებული სამკვირიან შეზღუდვაზე, რათა ჩვენ ორი კვირის განმავლობაში შევძლოთ და დავაკვირდეთ იმ დადებით პროგრესს, რომელიც ეპიდემიის გაუმჯობესების კუთხით ამ შეზღუდვებითაა მოსალოდნელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 4 სექტემბრამდე გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 579 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 867 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 477 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 417 013, გარდაიცვალა 6 371 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.