შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილ ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული მძიმე კოვიდ ვითარებიდან გამოსავალი რეგულაციების მკაცრად დაცვა და ვაქცინაციაა, რადგან კლინიკური სექტორი „ისედაც ძალიან კარგად იმართება“.
„დღეს სამწუხაროდ კიდევ მოიმატა ახალმა შემთხვევებმა, 6 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია პანდემიის დასაწყისიდან. სიკვდილიანობაც ჩვენთვის შედარებით მაღალი იყო, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ შემთხვევების აი, ამ კატასტროფულად გაზრდილ ფონზე გარდაცვალების შემთხვევების მატება გარდაუვალია, მაგრამ გარდაცვალების შემთხვევები არის პროპორციულად გაცილებით უფრო ნაკლები, ვიდრე ახალი შემთხვევები. დღეისთვის საქართველოში არის 55 000-მდე აქტიური შემთხვევა. ესენი არიან ის ავადმყოფები, ვისაც კოვიდი უკვე დაუდასტურდა და ჯერ არ განკურნებულან და ამ ფონზე 47 გარდაცვლილი, ეს ძალიან მძიმეა ჩვენთვის, მით უმეტეს ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ ეს არის ერთ პროცენტზე ნაკლები, 0,8-0,7 პროცენტი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, კლინიკური ჯგუფის თავგანწირული მუშაობის და მაღალპროფესიული მუშაობის შედეგად გარდაცვალება ქვეყნისთვის მაღალია, მაგრამ აქტიური შემთხვევების პროპორციას თუ ავიღებთ, გარდაცვალების შემთხვევები არის ბევრად უფრო დაბალი”, – აღნიშნა ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ვაქცინაციაზე მომართვიანობა და ვაქცინირებულთა რიცხვი, დღეს ესეც ცოტაა, რადგან ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს სულ ცოტა დღეში 30-35 ათასი ვაქცინაცია.
“მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გარდაცვალების შემთხვევების შემდგომი შემცირების შესაძლებლობა დევს არა კლინიკური მართვის გაუმჯობესებაში, ის ისედაც ძალიან კარგად იმართება, არამედ შემთხვევების შემცირებაში. როგორ უნდა მივაღწიოთ შემთხვევების შემცირებას? _ უნდა მივაღწიოთ ორი ძირითადი გზით. ერთი არის რეგულაციების უპირობო, უსიტყვო შესრულება. დადგა ახლა დრო, როცა ყველაზე უფრო გულგრილმა ადამიანებმაც კი, ვინც დაუდევრობას იჩენდა რეგულაციების შესრულებისას, ალბათ, მიხვდნენ, თუ რა შედეგები მოსდევს რეგულაციების არ დაცვას და როგორი საბედისწერო შეიძლება იყოს ეს შედეგები, თუ მისთვის არა ახლობლებისთვის. მეორე ეს არის, ვაქცინაცია, ვაქცინაცია, ვაქცინაცია… მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაიზარდა ვაქცინაციის მომართვიანობა და ვაქცინირებულთა რიცხვი, დღეს ესეც ცოტაა, უნდა გვქონდეს სულ ცოტა 30-35 ათასი ვაქცინაცია დღეში. ამისი ყველა პირობა არსებობს. ვაქცინები არის ქვეყანაში განუსაზღვრელი რაოდენობით, ნებისმიერი გემოვნების მოქალაქისათვის და ვაქცინაციის მიწოდების სერვისი გათვლილია 40-50 ათასის სიმძლავრეზე”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.