ეს კვირა საქართველოში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მძიმე იყო. 17 აგვისტოს, საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დღევანდელი გარდაცვალების ციფრი ასევე ძალიან მაღალია მთელი პანდემიის ისტორიის განმავლობაში, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ძალიან რთულია თქმა, მომდევნო დღეებში იქნება თუ არა მკვეთრი შემცირება. ჯერჯერობით ვაქცინაციის შედეგებს არ ველოდებით, ეს შედეგები გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ, აგვისტოს ბოლოსთვის, ამიტომ ახლა ძალიან მძიმე პერიოდია ქვეყანაში. ყველა პარამეტრი, რითაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ვაფასებთ – კრიტიკულია. რთულია იმის თქმა, 17 აგვისტოს ინფიცირებულთა ციფრები იყო თუ არა მეოთხე ტალღის პიკი, მომდევნო კვირაც არის იმისათვის საკმარისი, რომ გავარკვიოთ, მეოთხე ტალღის პიკი გადაიარა თუ არა ქვეყანამ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
17 აგვისტოს საქართველოში კოვიდინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 501 297 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 436 977, გარდაიცვალა 6 590 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.