დღევანდელ წერილში პოლიტიკისაგან, ასევე კორონავირუსისგან მსურს დაგასვენოთ და ცნობილი ქართველი ხელოვანების რამდენიმე მოგონება შემოგთავაზოთ. მინდა მკითხველს ამაღლებული განწყობის შექმნაში დავეხმარო. პოლიტიკა და „პატივცემული კორონა“ არსად არ დაგვეკარგება. მომავალი კვირაც ალბათ არანაკლები „ქარ-ცეცხლიანი“ იქნება ვიდრე წინა და „მოწყენის“ საშუალება კვლავ არ მოგვეცემა.
თავდაპირველად „გურული მოტივებით“ დავიწყოთ. მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი იგონებს:
„რეზო ესაძის ბებია ბებიაჩემთან მოდიოდა, იქ, გურიაში. ხელები უკან ჰქონდა და არ უჩანდა. დაუძახებდა გურულ კილოზე: – გამოი, გამოიო და ბებიაჩემი რომ გამოვიდოდა, ახარებდა – ნავთი მოვიდაო (მაშინ ნავთს კასრებით დაატარებდნენ).
– არ მინდა, ცა, მაქვს ნავთიო, – ეტყოდა ბებიაჩემი.
მაშინ რეზოს ბებია ხელს გამოაჩენდა, რომელშიც ქილა ეკავა და ეტყოდა:
– გაქვს და ჩამომისხი ცოტაო“.
გივი ბერიკაშვილი და კახი კავსაძე გავიხსენოთ…
კახი კავსაძე იხსენებდა:
„გასული საუკუნის 90-იანი წლების საახალწლო დღეებია. მე და გივი ბერიკაშვილი ერთი ჩვენი მეგობრის ოჯახს ვესტუმრეთ (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) შეგვიპატიჟა. დაგვსხა და ცოლს გასძახა სუფრა გაგვიშალეო. ამის თქმა იყო და მაცივარში ჩხაკუნი ატყდა. ცოტა ხნის მერე კი რაღაცის ძირს დატყეპების ხმაც გაისმა, რასაც ქალის წამოკივლებაც ზედ დაერთო.
– რაო, ქალო, საცივი დაგივარდა? – გასძახა ჩვენმა მასპინძელმა ცოლს.
იმან კი ტრაგიკულად გამოსძახა:
– საცივი კი არა ლობიო, ლობიო დამივარდაო…
როგორც ჩვენი მეგობარი გამოგვიტყდა, ცოლ-ქმარს, თურმე, შეთანხმებული ჰქონიათ „საცივის დაღვრა“ და ლობიოთი გამასპინძლება, რადგან იმ გაჭირვების ჟამს სხვა არაფერი ჰქონდათ. იმ დღეს კი ის ერთადერთი ლობიოც დაეღვარათ.“
გივი ბერიკაშვილი: „გოდერძი ჩოხელი ვაჟა-ფშაველაზე ამბობდა, ვაჟას ღმერთები ათამაშებდნენ ხელში, ხელიდან გაუვარდათ და ჩვენთან ჩამოვარდა, ამიტომ ბედნიერი ხალხი ვართო.
– შენ საიდან გაჩნდი? – ვკითხე მე.
მიპასუხა:
– მე ვაჟა-ფშაველას ვეჯექი პატარა ჯიბეში და მას გადმოვუვარდიო. უცნაური ხალხი ვართ ქართველები, უფალი ვაჟას რომ გამოგიგზავნის, ფიროსმანს, გალაკტიონს, ილიას, გოდერძი ჩოხელს და ჩვენ კი… ეეჰ!“
ერთხელ მედეა ჩახავას სახლში ნიღბიანი ქურდები შევიდნენ.
მას შვილიშვილის და მისი მეგობრების ხუმრობა ეგონა, მაგრამ როცა დაინახა, რომ ძარცვა დაიწყო, მიხვდა თუ რაოდენ სერიოზულად იყო საქმე.
მედეას არ შეშინებია და ქურდებს უთხრა: იცით, მე მედეა ჩახავა ვარო. ქურდები გაშეშდნენ, ნაძარცვი დატოვეს და წავიდნენ. ამის შემდეგ ხშირად იხსენებდა მომხდარს მედეა და ამბობდა: მაინც რამდენი კეთილშობილი ბანდიტი ყოფილა ამ ქვეყანაზეო.
ერთი რუსი ქალი თავისი აღტაცებით სულს ართმევდა გურანდა გაბუნიას – ეს რა ლამაზი ქმარი გყავს, რა წარმოსადეგი, მშვენიერი და თანაც როგორი წყნარი და მშვიდიო… – დიახ, ქალბატონო, ოთარი ისეთი წყნარია, ისეთი მშვიდი… თავის სიცოცხლეში, როლების გარდა, ერთი ხმამაღალი სიტყვა არ უთქვამს, – დაუღალავად უმეორებდა გურანდა.
და ერთხელაც გურანდა გაბუნიას ესმის ამ ქალბატონის ხმა… – უშველეთ!… ახრჩობს!.. – ვინ, ვის, სად?! – თქვენი ქმარი ვიღაც კაცს ზღვაში ახრჩობს!.. – დაახრჩობს, – თავზარი ეცემა გურანდას და გარბის. მიუსწრო და როგორც იქნა, ხელიდან გამოსტაცა ის უბედური.
თურმე, ეს არავის მცნობი და ყველასთვის უცნობი რუსი, ძალიან გაბრაზებულა, ამ ზღვის ნაპირზე – საგზურთან ერთად, თავისთვის ნაყიდი რომ ეგონა, ქართველების სიმრავლე-სილაღით და გაცეცხლებულ გულზე ეს მდუმარედ მოსიარულე, ცისფერთვალება მეღვინეთუხუცესიც თავისიანი ჰგონებია. ამიტომაც, როგორც თანამზრახველს, ისე გამოტყდომია: რა კარგი იქნებოდა აქაურობა, ეს ქართველები რომ მოისპობოდნენ
– აჰა… ქართველები საკუთარ მიწაზეც შენ გიშლიან ხელსო და… პირდაპირ ზღვაში უკრა თურმე თავი და აღარ უშვებს, – ისეთ ადგილას გაგაგზავნი, ქართველებისგან სამუდამოდ დაისვენებო.
მსახიობი გია აბესალაშვილი იხსენებს:
„მე და ჩემი კოლეგა რუსუდან ბოლქვაძე ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ჩემი შვილის ნათლიაა. ძალიან ხშირად ერთად გვხედავენ და, ერთი სიტყვით, ყველას ეგონა, რომ ცოლ-ქმარი ვიყავით. ერთხელ ჩემს ნამდვილ ცოლთან ერთად საავადმყოფოში ვიყავი. რა თქმა უნდა, მედპერსონალმა მიცნო და მიყურებდნენ და გაოცებულები ჩემს ცოლს აკვირდებოდნენ. ისე მოხდა, რომ მეორე დღეს იმავე საავადმყოფოში რუსიკო მარტო მივიდა. რომ დაინახეს, მედპერსონალმა ისიც იცნეს. ქალებმა, თურმე, გვერდით გაიყვანეს და უთხრეს:
– იცით, რომ გუშინ აქ თქვენი ქმარი (ესე იგი, მე) ლამაზ ქალთან ერთად იყო და ყურადღებით იყავითო.
რუსიკოს კი უპასუხია:
– რას შვრებით, ოჯახს მინგრევთო?!“
რამდენიმე დღის წინ ფერისცვალება იყო. გთავაზობთ ვერიკო ანჯაფარიძის წერილი გარდაცვლილ მეუღლეს, მიხეილ ჭიაურელს, რომელიც თავის დროზე ფერისცვალების დღეს დაიწერა.
„გილოცავ ფერისცვალებას!
გუშინ შენი ქალიშვილი ვენეციიდან ჩამოვიდა. რაღაცა პრიზი მიიღო, ფილმის სახელწოდება არ მახსოვს, ძალიან კი აქებდნენ სოფიკოს.
ვენეციას არ დავიწყებიხარ, გაზეთებში იხსენებდნენ 1947 წელს, ფესტივალს, შენს ფილმს, შენს გვარს. მეც კი გამიხსენეს, როგორც შენი მეუღლე. „ქალი რომელიც ნაზი მელოდიური ხმით წამღერებით ლაპარაკობდა…” ნეტა ახლა მოასმენინათ ჩემი ნაზი ხმა – ბებერი ყვავი. ოჯახში ყველაფერი რიგზეა, ძალიან მენატრები, მიყვარხარ.
გაგიკვირდება, თენგიზ აბულაძე, მგონი, შენი მოწაფეა, თავის ფილმში როლს მთავაზობს, არა, როლი უნდა ნახო, სულ ერთი ფრაზა – „რა საჭიროა გზა, თუ ტაძართან არ მიმიყვანს.” ეგ წუწურაქი ეგა. შეეძლო ჩემთვის ცოტა უფრო დიდი როლი შემოეთავაზებინა. არა, თუ შენ წინააღმდეგი ხარ არ ვითამაშებ, თუმცა, რატომ გეკითხები? მაინც ხომ ისე გავაკეთებ როგორც მე მინდა?“
[sexy_author_bio]