გაზრდილი ინფლაციის გამო საპენსიო დანაზოგები ღირებულებას კარგავს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, მოქალაქეების საპენსიო შენატანებს წლიურად 11.1%-იანი სარგებელი ერიცხება, იმ დროს, როცა ინფლაციამ უკვე 11,9%-ს მიაღწია. რა იქნება ფონდში შეტანილი თანხის ღირებულება, როცა მოქალაქეები საპენსიო ასაკს მიაღწევენ, რთული სათქმელია. ინფლაციის გარდა, ეს იმაზეც იქნება დამოკიდებული, მომავალში სად განათავსებს ფულად სახსრებს საპენსიო სააგენტო.
საპენსიო შენატანების სარგებელი უარყოფითია
მარტივი არითმეტიკით, 11,1%-ს თუ 11,9%-ს გამოვაკლებთ, სხვაობა უარყოფითი იქნება – -0,8%. რადგან შენატანები მთლიანად ლარშია, გამოდის, რომ საპენსიო შენატანებს სარგებელი საერთოდ არ ერიცხება. ივლისამდე თანხებზე დარიცხული პროცენტი ინფლაციასა და ლარის გაუფასურებაზე ცოტა მეტი იყო. მაგრამ ივლისში ინფლაცია კიდევ გაიზარდა და სალდო უარყოფითი გახდა. კანონმდებლობის მიხედვით, საპენსიო სააგენტოს უფლება არ აქვს, მოქალაქეების ფული უარყოფითი სარგებლით შეინახოს.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე სააგენტოს ახლანდელ საინვესტიციო პოლიტიკას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ის საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება:
„კანონში არის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ 95%-ის ნდობის ინტერვალით, საპენსიო შენატანების შემოსავლიანობა უნდა იყოს ინფლაციაზე ცოტა მეტი. ანუ დარიცხულ სარგებელსა და ინფლაციას შორის სხვაობა უნდა იყოს დადებითი. გამოდის, რომ კანონიც ირღვევა.“
რამდენი მილიონია ფონდში და სად ინახება ფული
18 აგვისტოსთვის საპენსიო ფონდში 1,662 მილიარდმა ლარმა მოიყარა თავი. ეს მილიონ 200 ათასამდე მოქალაქის ფულია, რასაც ისინი პენსიისთვის აგროვებენ. ფონდში შეტანილი ფული საპენსიო სააგენტომ მაღალრისკიან ან შედარებით დაბალრისკიან აქტივებში უნდა დააბანდოს, სადაც მას შესაბამისი სარგებელი დაერიცხება. წლების განმავლობაში გადახდილი შენატანებისა და მასზე დარიცხული სარგებლის შესაბამისად დაითვლება პენსიის ოდენობა, რასაც მოქალაქე საპენსიო ასაკში ყოველთვიურად მიიღებს.
როგორც საპენსიო სააგენტოს უფროსმა, საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განმარტა, „ვისაც 500 ლარი აქვს ხელფასი და ამჟამად 30 წლის არის, საპენსიო ასაკის მიღწევისას, მისი დანაზოგი 141 ათასი ლარი იქნება, ხოლო ყოველთვიური პენსია 800 ლარამდე იქნება.“
საპენსიო სააგენტომ თანხის 66% კომერციული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში განათავსა, თანხის 33% – მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 1% ვადიან დეპოზიტებში ინახება. შენატანები სულ 10 ბანკშია განთავსებული. თანხის უმეტესი ნაწილი თიბისისა და საქართველოს ბანკის ანგარიშებზეა განთავსებული.
„რისკი ნაკლები რომ იყოს, თანხის 90% განთავსებული გვაქვს სადეპოზიტო სერტიფიკატებში. ასეთი დაბალი რისკის პირობებში საკმაოდ კარგი შემოსავლები გვაქვს“, – აცხადებს საპენსიო სააგენტო.
კანონის თანახმად, სისტემის ამოქმედებიდან 5 წლის შემდეგ, მოქალაქეებს უკვე არჩევანის გაკეთების უფლება ექნებათ – თანხების ინვესტირება მაღალრისკიან აქტივებში მოახდინონ თუ დაბალრისკიან საბანკო ანგარიშებზე დატოვონ.
ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ „სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკა შენატანების შემოსავლიანობის მაქსიმიზაციას უნდა ისახავდეს მიზნად, ცხადია, რისკების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე უფრო უსაფრთხო და მარტივი იქნება თანხის განთავსება ობლიგაციებში, ვიდრე აქციებში. მით უმეტეს, უცხოური კომპანიების აქციებში“.
არის თუ არა პენსია რისკებისგან დაცული
როგორ მოიქცევა საპენსიო სააგენტო მომავალში? სად განათავსებს მოქალაქეების დანაზოგებს? სააგენტოს ხელმძღვანელობის თქმით, ეს მას შემდეგ გადაწყდება, რაც სპეციალური დეპოზიტარი ეყოლებათ. დეპოზიტარმა უნდა ურჩიოს სააგენტოს, სად იქნება უფრო მომგებიანი თანხის ინვესტირება და ეს, რა თქმა უნდა, რისკების გათვალისწინებით მოხდება. სააგენტო მოლაპარაკებებს საქართველოს ბანკთან აწარმოებს და სავარაუდოდ, სპეციალური დეპოზიტარი ეს ბანკი გახდება.
„სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი მოვალეობა ფასიანი ქაღალდების დეპონირება, საპენსიო აქტივების რეგულარული აღრიცხვა და ანგარიშგება იქნება“, – განმარტავს სააგენტო.
ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, საპენსიო შენატანები არც მომავალში იყოს მომგებიანი:
„ძნელია თქმა, საპენსიო შენატანები მომავალში მომგებიანი იქნება თუ არა. კანონის მიხედვით, მათი განთავსება მაღალრისკიან აქტივებში უნდა მოხდეს. მაღალრისკიანი ნიშნავს, რომ მეტი სარგებელი დაერიცხება, მაგრამ ამ დროს, ზარალის რისკიც მაღალია. ანუ სარგებელი შეიძლება, ვერც დაერიცხოს. ამიტომ ამ თანხების ინვესტირებას კარგი გათვლა და დივერსიფიცირება სჭირდება. იმედია, ერთ აქტივში არ დააბანდებენ და რისკებიც გადანაწილებული იქნება“.
საქართველოში ნახევრად სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლიდან მოქმედებს. სისტემის ამოქმედებით უნდა მოხდეს მოქალაქეების პენსიით უზრუნველყოფა და კაპიტალის ბაზრის განვითარება. 40 წლამდე მოქალაქეებისთვის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის – ნებაყოფლობითი.
ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, უნგრეთსა და პოლონეთში სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა არცთუ ისე წარმატებული იყო. პოლონეთში კაპიტალის ბაზარი განუვითარებელი დარჩა და მხოლოდ მცირე მოცულობის ვაჭრობა ფიქსირდებოდა. კაპიტალის ბაზარი საქართველოშიც ნაკლებად არის განვითარებული, რასაც ძირითადად ფასიანი ქაღალდების დაბალი ლიკვიდობა და ლარის გრძელვადიანი რესურსის დეფიციტი განაპირობებს.