„ცხრაი სული ვართ სახლში და ჩვენ არ გვიყვარს, შენ რამ შეგაყვარა?“ _ ასე მიმართა ბაბუამ, პაემანზე გამოჭერილ, შვილიშვილის შეყვარებულ გოგონას.
ეს ნამდვილი ამბავი, მრავალი ათეული წლის წინ, აჭარის მთიანეთის ერთ მყუდრო სოფელში მოხდა.
წარმოსადეგი და ნიჭიერი ბიჭი იყო ხემზე. ოჯახის შექმნა, სკოლის დამთავრებიდან, მალევე მოუხდა, ასე ინება არსთა გამრიგემ. ქალ-ვაჟიც მალე შეეძინა.
იშვიათი მუსიკალური მონაცემების მქონე ვაჟმა, სწავლა გააგრძელა, პროფესიულ ანსამბლშიც ჩარიცხეს და მალე, წარმატებებთან ერთად, ახალმა თავსატეხმაც იჩინა თავი.
სოფლის სკოლაში მასწავლებლად განაწილებული ცქრიალა გოგონა გამოჩნდა. ბესირეს და ხემზეს მალე ერთმანეთი შეუყვარდათ და ჭორ-მართალმა ოჯახის თავკაცის, ბაბუის ყურამდეც მიაღწია.
„როგორ გაბედა ცოლშვილიანმა კაცმა სხვა ქალის შეყვარება? “ _ განრისხდა ტრადიციების მორჩილი ბაბუა და გადაწყვიტა, არც ისე საკადრისი ნაბიჯი გადაედგა. გაიგო, სად ხვდებოდნენ მისი საფიცარი შვილიშვილი და ეს გოგონა ერთმანეთს.
ისე, როგორც ქართულ ზღაპრებშია, დაადგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, მიაღწია წისქვილის სიახლოვეს, კაკლის ჩეროს.
კუშტად მიაჩერდა ერთმანეთს აკრულ ქალ-ვაჟს და გოგონას უკმეხად გამოელაპარაკა:
_ ბაბუა, მომხედე აქეთ, შენ აქ განათლების განყოფილებამ იმისთვის გამოგგზავნა, სკოლაში ბავშვებს ასწავლეო თუ პაემანზე ირბინეო _ დაუსვა კითხვა გოგონას.
_რა ვქნა, მიყვარს ეს ბიჭი, ბაბუა, _ არ დაიმორცხვა და სასწრაფოდ მიაგება პასუხი გოგონამ.
_ ცხრაი სული ვართ სახლში და ჩვენ არცერთს არ გვიყვარს და შენ რამ შეგაყვარა, აი, ცოლშვილიანი კაცი? ორი ბაღანა ყავს მაგას სახლში და შენ თავს მიხედე, არ ხარ კაი გზაზე დამდგარი, _ ხმას აუწია ბაბუამ. ხემზეს კი უკმაყოფილოდ გადახედა და უსიტყვოდ გაბრუნდა უკან.
_ უჰ, ბაბუაჩმმა რომ ბუდიონივით გადაწკეპილი ულვაშებით გამოანათა და დაგვადგა თავზე, კი მეგონა, ცა დამექცა თავზე-მეთქი, _ იხსენებს დღეს უკვე ჭარმაგი ხემზე და ამბობს, რომ სიყვარულს ვერაფერს გაუგებ, თავისი წესები აქვს და ქვეყნად არათუ ბაბუას, არანაირ ბატონს არ ემორჩილება.
[sexy_author_bio]