რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ყირიმში 50-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას anadolu უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყირიმში 50 ადამიანია დაკავებული. დაკავებულებს შორის არიან ცოტა ხნის წინ დაკავებული 5 ყირიმელი თათრის ახლობლები, მეგობრები, 2 სამოქალაქო ჟურნალისტი. ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაში ყირიმელი თათრების ამბის გამოსაძიებლად მივიდნენ. უკრაინის მოქალაქეების მასობრივი რეპრესია არის შურისძიების აქტი ყირიმის პლატფორმისთვის“,_ ამბობს ის.
მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ყირიმელი თათრების დაპატიმრებების სერია წარმოადგენს “რეპრესიების მორიგ ტალღას დროებით ოკუპირებულ ყირიმში”.
ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, მან თქვა, რომ “საოკუპაციო ხელისუფლებამ” ჩაატარა ჩხრეკა ყირიმელი თათრების სახლებში და ხუთი ადამიანი დააკავა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის ძალები ყირიმის ნახევარკუნძულზე შევიდნენ 2014 წლის თებერვალში.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანექსია არალეგალურად მიიჩნია.