ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი იასენ პეტროვი საქართველოსთან გამართულ გუშინდელ ამხანაგურ შეხვედრას აფასებს, რომელიც ბულგარელების გამარჯვებით ანგარიშით 4:1 დასრულდა.
პეტროვის თქმით, ის საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია და აღარც კი ახსოვს ბულგარეთის ნაკრებმა ერთ შეხვედრაში 4 გოლის გატანა ბოლოს როდის შეძლო:
“კმაყოფილი ვარ, ძალიან ეფექტურად ვითამაშეთ. როგორც ნახეთ, 9 ახალი მოთამაშე გვყავდა სასტარტო შემადგენლობაში. არც კი მახსოვს ბოლოს ერთ შეხვედრაში 4 გოლის გატანა როდის შევძელით. ვწუხვარ, რომ ერთი ბურთი მაინც გავუსით. 2-3 მომენტი იყო შეხვედრაში, რომელიც კიდევ უნდა გავაანალიზოთ.
ვფიქრობ შანსები საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა, თუმცა ჩვენ სწორი რეაგირება მოვახდინეთ. ეს იყო გუნდი, რომელით ასევე ცდილობდა გოლის გატანას და საკუთარი ტაქტიკით ჩვენს გაოცებას. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. იმედი მაქვს ამ სტილით თამაშს გავაგრძელებთ” – ამბობს ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი ადგილობრივ მედიასთან.
საქართველოსა და ბულგარეთის ეეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა გუშინ, 8 სექტემბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიამრთა და მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 4:1 დასრულდა.
წყარო: “ნეტგაზეთი”