საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მადლობა მინდა გადავუხადო წითელ ჯვარს, რომლისგანაც 100 ათას დოზა „სინოფარმს“ შაბათს მივიღებთ საჩუქრად, რაც მოგვცემს საშუალებას ორშაბათიდან კვლავ განახლდეს „სინოფარმზე“ როგორც რეგისტრაცია, ასევე რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაცია. ვრჩებით საკმაოდ ფართო ასორტიმენტით ვაქცინაციის მიწოდების კომპონენტში“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 575 210 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 534 559, გარდაიცვალა 8 089 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.