ჩოხატაურში თბილისის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთების საგანი გახდა.
ქუჩის მცხოვრებლები “გურია ნიუსთან საუბრისას ამბობენ, რომ ქუჩაზე მოძრაობა უჭირთ. გარდა ამისა, სიცხეში _ მტვერი, წვიმაში კი ტალახი აწუხებთ.
“გადათხრილია ყველაფერი, წყალი შემოდის ეზოებში. თუ სიცხეა მტვერი გვაწუხებს, თუ წვიმაა _ ტალახი. მანქანა ვერ გადადის და ვერ გადმოდის. ფეხით გავლაც ჭირს. არაჩვეულებრივი ასფალტი იყო, რატომ გადათხარეს?! მთელი ღამე დადიან ტრაილერები და საოცარი ხმაა”, _ ამბობს მოსახლეობა.
როდის დასრულდება გზის ამ მონაკვეთზე სამუშაოები? აღნიშნული საკითხის გასარკვევად ჩოხატაურის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსს, გიორგი ბერძენიშვილს დავუკავშირდით.
ბერძენიშვილის თქმით, სამუშაოებს ჩინური კომპანია ახორციელებს და ვადა სამუშაოების დასასრულებლად ოქტომბრის ბოლომდე აქვთ:
“სამუშაოები ხორციელდება ეტაპობრივად. ჩინური კომპანია ახორციელებს და ვადა, როგორც ვიცი, ოქტომბრის ბოლომდე აქვთ სამუშაოების დასასრულებლად”, _ გვითხრა ბერძენიშვილმა.
აღსანიშნავია,რომ ჩოხატაურში გადათხრილი მხოლოდ თბილისის ქუჩა არ არის. საგზაო სამუშაოები pbc პროექტის ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
კონკრეტული პასუხების მისაღებად კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მივმართეთ:
“გურიაში, მათ შორის ჩოხატაურში, სადაც პროექტი ხორციელდება ყველგან კონტრაქტორი არის China Road and Bridge Corporation, ქვეკონტრაქტორი არ ჰყავს. ეს პროექტი ჩოხატაურის შესასვლელში წლის ბოლომდე დასრულდება. მიზანი არის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, უსაფრთხოების და კომფორტული მგზავრობის უზრუნველყოფა”, _ ამბობენ დეპარტამენტში.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც პროექტის ფარგლებში საგზაო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ან უახლოეს პერიოდში დაიწყება, ასე გამოიყურება:
საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის გზა _ კმ 17-კმ 19.5;
საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის გზა _ კმ 35- კმ 43.6;
საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის გზა _ კმ 47.2 – კმ 48;
საჯავახო-ოზურგეთი-ჩოხატაური-ქობულეთის გზა _ კმ 54.0 – კმ 67.7;
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზა _ კმ 0.0 – კმ 2.8;
ოზურგეთი-ნატანები-ურეკის გზა _ კმ 21.7 – კმ 22.0;
ჩოხატაური-ბახმაროს გზის მონაკვეთი _ კმ 15.9 – კმ 21.4;
ჩოხატაური-ბახმაროს გზის მონაკვეთი _ კმ 22.5 – კმ 24.5;
ჩოხატაური-ბახმაროს გზის მონაკვეთი _ კმ 34 – კმ 50;
ჩოხატაური-ზომლეთის გზის მონაკვეთი _ კმ 3.5- კმ 13.8.
[sexy_author_bio]