საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით გადმოტანის ფაქტზე პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურების გავლისას, წინასწარი საბაჟო დეკლარაციით დაადეკლარირა, მხოლოდ 59 886 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, რა გზითაც დამალა დამატებით 31 763 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის არსებობის ფაქტი და თავი აარიდა საბაჟო მოსაკრებლების გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით“,_ აცხადებენ ფინანსთა საგამოძიებო სამსახურში.