მასწავლებლების ანაზღაურება აკადემიური ხარისხების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, თუ პირს დოქტორის ხარისხი აქვს, ამავე სპეციალობით სკოლაში დასაქმების შემთხვევაში პირდაპირ უფროსის სტატუსი მიენიჭება. მისთვის დასაქმებამდე ერთადერთი მოთხოვნა საგნის კომპეტენციის დადასტურება იქნება. ამ პრივილეგიით მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე მასწავლებლები სარგებლობენ, მაგრამ რა ხდება მაშინ თუ მასწავლებლობის მსურველს მაგისტრის აკადემიური ხარისხი აქვს? არის თუ არა განსხვავებული პედაგოგთა ანაზღაურება აკადემიური ხარისხის მიხედვით?
მაგისტრის ხარისხის მქონე მასწავლებლობის მსურველმა სკოლაში დასაქმების მიზნით უნდა ჩააბაროს მასწავლებლის საკვალიფიკაციო გამოცდა იმ საგანში, რომლის სწავლებასაც გეგმავს და იმ შემთხვევაში, თუ დიპლომში პედაგოგი არ უწერია, გამოცდის ჩაბარების შემდეგ უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა. სკოლაში დასაქმების შემდეგ კი ის აკადემიური ხარისხის დანამატით ისარგებლებს.
რამდენია მასწავლებლის სახელფასო დანამატი აკადემიური ხარისხის მიხედვით?
ბაკალავრის ხარისხის მქონე მასწავლებელი, რომლის სამუშაო გამოცდილებაც 6 წელზე ნაკლებია, სრულად დატვირთვის შემთხვევაში მიიღებს 477.90 ლარს (სტატუსის დანამატის გარეშე)
მაგისტრის ხარისხის მქონე – 524, 48 ლარს (სტატუსის დანამატის გარეშე)
დოქტორის ხარისხის მქონე კი – 571,05 ლარს (სტატუსის დანამატის გარეშე)
თუ სამუშაო გამოცდილება 6 წელზე მეტია, მაგრამ 11 წელზე ნაკლები, აკადემიური ხარისხის მიხედვით ანაზღაურება ასეთი იქნება:
ბაკალავრი – 496,13
მაგისტრი – 542,70
დოქტორი – 589,28
ხოლო თუ სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტია:
ბაკალავრი – 502,20
მაგისტრი – 548,78
დოქტორი – 595, 35
რაც შეეხება დანამატებს, დამრიგებლობისთვის მასწავლებელს 101, 25 ლარი დაერიცხება (საშემოსავლოს ჩათვლით), სტატუსის დანამატები კი ასეთია:
- უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 570 ლარით;
- წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 950 ლარით;
- მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1250 ლარით.