რიკოთის მაგისტრალის პირველ, 2 კმ-იან ორ ზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 სექტემბერს გაიხსნა.
ამჟამად მოძრაობა გაიხსნა 2 კმ-იანი 4-ზოლიანი მონაკვეთის 2 ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო, პარალელურად, არსებულ 2-ზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს 6 ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და 3 გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182 მ; 100 მ).
რიკოთის საურელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო 8 გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80% აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.
რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ჩვენი ქვეყნის ლოჯისტიკურ და სტრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ხორციელდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა.