,,გერმანია არალეგალური ბინადრობის და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოდან, ასევე მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწყებს“, _ ამის შესახებ EUobserver-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის შიდა დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 27 სექტემბრით, აღნიშნულია, რომ გერმანია უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ და პრობლემური ქვეყნების ათეულში ასევე ასახელებს ალბანეთსა და სერბეთს.
ასევე გამოცემა წერს, რომ საქართველოსა და ალბანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთი. ჩეხეთის რესპუბლიკა კი აცხადებს, რომ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან.
EUobserver ინფორმაციით, გერმანიის დელეგაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა 51 პროცენტით არის გაზრდილი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
“თუკი მესამე ქვეყნების მხრიდან მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ევროკომისიამ, ჩვენი აზრით, ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ ვიზების შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალურია” – ნათქვამია გერმანული დელეგაციის დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა; მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
ცნობისთვის, ნიდერლანდები არის პირველი და ერთადერთი ევროკავშირის სახელმწიფო, რომელმაც აქამდე მოითხოვა უვიზო რეჟიმის შეჩერება, მაგრამ მისი მოთხოვნა, ალბანეთის წინააღმდეგ 219 წელს, ევროკომისიამ უარყო.
[sexy_author_bio]