ოზურგეთში, დღეს, თხილის ბაზარზე, უჩვეულო სიჩუმეა. არც ისე ხშორად ისმის თხილის ჩხრიალის ხმა მიმღებ პუნქტებში.
_ გუშინ, ოთხი საწყობიდან 500 კილოგრამი თხილი ძლივს გაიტანეს. ხალხს აღარ აქვს, მოილია. ვისაც ფული არ ჰქონდა, ჩააბარა. ვისაც ასე თუ ისე, ნაკლებად უჭირს და ასეთი ოჯახი ბევრი არაა, მოგვიანებით გასაყიდად გადაინახეს. ახლა, უმეტესად, მოაქვთ ახალშეგროვებული, შედარებით დაბალი ხარისხის და სველი თხილი. ამ სეზონზე წვიმიანი ამინდები რომ ჭარბობს, კარგად იცით, _ გვეუბნებიან სასტუმრო „გურიას“ მიმდებარედ განთავსებულ თხილის მიმღებ პუნქტებში.
თუმცა, ამ მოსაზრებას ზოგი არ ეთანხმება.
_ მთლად მასეც არ არის. ახლა წაბლი შემოვიდა. არასდროს არ მომხდარა, წაბლს თხილზე მაღალი ფასი ჰქონოდა. ამიტომ, უმეტესად წაბლი მოაქვთ და თხილს ინახავენ. მოსახლეობაში, ბოლო ათწლეულში, წაბლი ბევრმა გააშენა, ზოგს ადრეც ჰქონდა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ ბაზარზე თხილის შემოტანა შენელდა, _ გვეუბნებიან განსხვავებული მოსაზრების ოპერატორები.
შესაძლოა, აღნიშნული ვითარებაც იყოს მიზეზი, რომ თხილის ფასი, წინა დღეებთან შედარებით „დაიძრა“. ახლა ოზურგეთში, გატეხვის მეთოდით მიღებისას, ერთ ცალ საღ „გულშიშველაში“ 55 თეთრს იხდიან. პოპულარულ, საუკეთესო ჯიშად ცნობილ „ბერძნულაში“ კი 65 თეთრს. ასეთ შემთხვევაში, საღი ნედლეულის ჩამბარებელს, ერთ კილოგრამ თხილში, ხუთიდან ექვს ლარამდე უხდიან.
ზოგან ხდება ისეც, რომ თუ თხილი ვიზუალური დათვალიერებით კარგი ფერისაა და მშრალია, პირდაპირ უხდიან ოთხიდან ექვს ლარამდე კილოგრამში. რა თქმა უნდა, ჯიშების მიხედვით.
ასე რომ, თხილის ფასი ოზურგეთში მატებისკენ „დაიძრა“, როგორც აქ ამბობენ.
წაბლს რაც შეეხება, ფერის და ხარისხის მიხედვით, დღეს, დილით, ერთი კილოგრამი ოთხიდან ხუთ ლარამდე ღირდა.
[sexy_author_bio]