“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს საღამოს ტბიდან, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტიდან. საღამოს ტბა მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მეტრზე, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტბის სარკის ფართობი 4.8 კვადრატული კილომეტრია, საშუალო სიღრმე 1.6 მეტრი, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 2.3 მეტრია.
საღამოს ტბის წყლის მოცულობა 7.7 მილიონი კუბური მეტრია, ხოლო წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კვადრატული კილომეტრი.
საღამოს ტბა მდიდარია თევზით. სარეწაო მნიშვნელობისაა. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო; ასევე, ტბის ნაპირას ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლის ნახვას შეძლებთ.
საღამოს ტბის წარმოშობის შესახებ რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება არსებობს. მკვლევრების ნაწილს იგი კრატერად მიაჩნია, ნაწილს _ ტექტონიკური წარმოშობის ტბად.
ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი, რომლის საშუალებითაც საღამოს ტბა დაკავშირებულია ფარავნის ტბასთან. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური _ სექტემბერში. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4 ºC-ია. სულ მალე, საღამოს ტბა 3-4 თვით გაიყინება და ყინულის საბნის ქვეშ დაიძინებს. ასე რომ, “გურია ნიუსი“ წლეულს “მღვიძარე“ საღამოს ტბის ერთ-ერთ ბოლო ფოტოსესიას გთავაზობთ.