სამინისტროს მხრიდან ხდება მხოლოდ მოწოდება – ასეთია განათლების სამინისტროს პასუხი კითხვაზე, რა კონკრეტული გეგმა უნდა ჰქონდეთ სკოლის დირექტორებს აუცრელი პირების ასაცრელად.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ„დირექტორებს მივმართეთ რეკომენდაციით, ყველა დირექტორმა იცოდეს, რამდენია [მასწავლებელი, პერსონალი] მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია და ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, თუ როგორ უნდა აიცრას დანარჩენი[პერსონალი]“.
აღნიშნულმა ინფორმაციამ გაურკვევლობა, უკმაყოფილება და დაბნეულობა გამოიწვია სასკოლო საზოგადოებაში. ვინაიდან დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით ცოვიდ – 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამირან გამყრელიძის მიერ გაცემული რეკომენდაცია კი დირექტორებისთვის მოწოდებაა იმისკენ, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა მათი ყველა თანამშრომელი აცრილი იყოს. განათლების სამინისტროს პასუხიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უწყება ამ შემთხვევაში არ იზიარებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის რეკომენდაციას და აცხადებს, რომ სკოლის დირექტორებისთვის რაიმეს მოწოდება მათი პრეროგატივაა – აცრა კი ნებაყოფლობითია.
„მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წამომადგენელთა ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი. მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNIჩEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანია აქტიურ რეჟიმში იმართება. შედეგად, ბოლო ორ თვეში აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 9%-დან 65%-მდე გაიზარდა და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სამინისტროს მხრიდან ხდება მხოლოდ მოწოდება“, – ამბობენ განათლების სამინისტროში.