ლანჩხუთის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომელმა გვანცა ჩხარტიშვილმა დღეს ფეისბუქზე სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადება გაავრცელა და სამსახურის უფროსს ნატა კობალავას მის მიმართ ზეწოლაში დასდო ბრალი. მოგვიანებით კი მან „გურია ნიუსთან“ კომენტარში დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
„ჩემი ოჯახის პოლიტიკურ ცხოვრებას კარგად იცნობს ლანჩხუთის საზოგადოება, მშობლებმა თავიანთი ცხოვრება სამართლიანობას და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებული ვარ ა (ა)იპ ი ში და ვიყავი სოფლის რწმუნებული, ყოველთვის ვცდილობდი სამართლიანობის პრინციპებისთვის არ მეღალატა და ვიცავდი პოლიტიკურად განსხავებული შეხედულებების ადამიანების უფლებებს მათი დარღვევის შემთხვევაში. მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს დავტოვე ოცნების რიგები და ამის შემდეგ დაიწყო წნეხი ნელ-ნელა. მას შემდეგ, რაც დედაჩემმა საკრებულოში შექმნა ფრაქცია, ჩამომართვეს და შემიზღუდეს უფლება-მოვალეობები, რამდენჯერმე მივიღე კიდეც გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა სამსახური, თუმცა თანამშრომლების ძალისხმევით და ხათრით გავჩერდი.
ჩემი სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი ნატა კობალავა გახლავთ მარიონეტი, მართული, უგულო ადამიანი, რომლის სამსახურში დანიშვნა მხოლოდ განაპირობა კახა ბექაურის ფაქტორმა და ლობირებამ. სამსახურში მოსვლიდან რამდენიმე დღეში, დედის დაკრძალვის მეორე დღეს, პოლიტიკური და სხვა კერძო ინტერესების გამო, გაათავისუფლა კახა ორაგველიძე, რომელიც პატიოსნებით და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. სხვადასხვა ნიშნით ჰყავს პრივილეგირებული თანამშრომლები“, _ თქვა გვანცა ჩხარტიშვილმა.
მისი თქმით, ნატა კობალავას მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებებით წითელი ხაზი გადაიკეთა, რის გამოც იძულებული შეიქნა სამსახურიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება მიეღო.
„დღევანდელი მისი ქმედება კი იყო წითელი ხაზი. მას შემდეგ, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდში მივედი, სამსახურში კიდევ უფრო შეიზღუდა ჩემი უფლებები. ყველა ბაღის თანამშრომელი გაფრთხილებული იყო, რომ ჩემთან არ გამოსულიყვნენ არანაირ კონტაქტზე და არ მოეწოდებინათ სამსახურებრივი ინფორმაცია. გონივრული ეჭვია, რომ რიგი დარღვევებით მართავს სამუშაო პროცესებს. რაც შეეხება დღეს გახორციელებულ ზეწოლას, მოვითხოვე ჩემი ოთახის გასაღები, რაზეც ცინიკური პასუხი იყო, რომ ოთახი და გასაღები გიორგი ვაშაძისთვის მომეთხოვა. არ ვაპირებ თვალი დავხუჭო იმ უმსგავსობასა და უსამართლობაზე რასაც კობალავა ახორციელებს“, _ ამბობს ჩხარტიშვილი და იქვე იმასაც დასძენს, რომ დანარჩენ სავარაუდო დარღვევებზე, რომლებზეც მისი თქმით, მოარული ხმები დადის, შემდგომში შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებასა და მოკვლევას მოითხოვს.
სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელი „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში გვანცა ჩხარტიშვილის მხრიდან მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს არ ადასტურებს და ამბობს, რომ არანაირ ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ქონია.
„მართლა არ ვიცი, რა მოხდა. წასვლის თაობაზე განცხადება ჩემთან ჯერ არ დაუწერია გვანცას. ზეწოლაში რას გულისხმობს, ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ, ერთი შემიძლია ვთქვა, რომ არც გვანცას და არც სხვა ნებისმიერ თანამშრომელს მთლიანად სისტემაში, ჩემგან ადამიანური ხელშეწყობა არ აკლიათ. გვანცა, კონკრეტულად, ზეწოლაში რას გულისხმობს, მართლა ვერ გეტყვით, არ ვიცი.
რაც შეეხება მისი მხრიდან გაჟღერებულ გასაღების თემას, მსგავსი არაფერი ყოფილა. მას სამსახურში არ აქვს ცალკე კაბინეტი, იმ ოთახში მისი ჩათვლით ხუთი ქალბატონი ზის. იმ კაბინეტის გასაღები არის ერთი, ის ინახება მდივანთან და მისით შეუზღუდავად სარგებლობს ხუთივე თანამშრომელი. მე რა უფლება მაქვს და როგორ ავუკრძალავ გვანცას ან ნებისმიერს ამ გასაღებით სარგებლობას?! არანაირად არ ყოფილა ვაშაძის თემა“, _ გვითხრა ნატა კობალავამ.
[sexy_author_bio]