მასშტაბური ხარვეზის გამო, „ფეისბუქის“, „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ სერვისები მომხმარებელთა უმეტესობისთვის მიუწვდომელია.
„ფეისბუქის“ კუთვნილმა სამივე ქსელმა, რომლებიც საერთო ინფრასტრუქტურაზე მუშაობს, ცოტა ხნის წინ მუშაობა სრულად შეწყვიტა.
ფეისბუქის ვებგვერდზე შესულ მომხმარებლებს უბრალოდ ხარვეზის გვერდი ან შეტყობინება ხვდებათ, რომ ბრაუზერს დაკავშირება არ შეუძლია. „ვოტსაპისა“ და „ინსტაგრამის“ აპლიკაციები მუშაობას განაგრძობს, მაგრამ არ აჩვენებს არანაირ კონტენტს, მათ შორის, არც გაგზავნილ და მიღებულ შეტყობინებებს.
შეფერხების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მსგავსი მასშტაბის შემთხვევები ხშირი არ არის, მაგრამ ყოველთვის დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, რადგან საქმე ეხება მსოფლიოს სამ უმსხვილეს აპლიკაციას.
გარდა ამისა, არ მუშაობს მსოფლიოს სხვა ბევრი პოპულარული საიტი.