„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლანჩხუთელი სახის გივი ცინცაძის ინფორმაციით, პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მას სახლში შეუვარდნენ და მის მეუღლეს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. მომხდარს ცინცაძე ქალაქში წარწერების განთავსებას – თავისუფლება მიშას“ უკავშირებს.
„შემოგვივარდა ვიღაც გიჟი გუშინ საღამოს სახლში, სადღაც საღამოს 5-6 საათი იქნებოდა. ამ ამბავს გუშინწინ, ქალაქში ჩემს მიერ წარწერების- „თავისუფლება მიშას“ განთავსებას ვუკავშირებ. ეტყობა ეს არ მაპატია „ქოცებმა“ და თავისმა სუსმა. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე იყო სადღაც საუბარი, რომ გავთავხედდი და ამოვუყვანე ამათ ყელში. პირი, რომელიც სახლში შემომივარდა ფაქტობრივად, ჩემივე მეზობელია, ნასვამი იყო და ეტყობა უფრო გული მიეცა. არც დაუძახია და არც კარებზე დაუკაკუნებია, პირდაპირ კარები შემოანგრია და შემოვარდა. დაიწყო ამ სიტყვებით- მე ვდგევარ სწორ გზაზე და შენ გნახულობ მიშას დასაცავ აქციებზეო. მერე აიღო საფერფლე და მესროლა, საბედნიეროდ ავიცდინე, კედელს მოხვდა და დაიმსხვრა. ვეცადე გარეთ გამეყვანა, ასე ჯიკავ-ჯიკავით მივიყვანე ჭიშკრამდე, მერე დედა შემაგინა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა ჩვენს შორის. ორივე წავიქეცით, მეზობლებიც გადმოვიდნენ, ამ წაქცეულზე ჩემს მეუღლეს ორჯერ ფეხი ჩაარტყა გვერდში“, _ ამბობს გივი ცინცაძე.
მისივე ინფორმაციით, ის ამ წუთებში ბათუმში ექსპერტიზაზე იმყოფება მეუღლესთან ერთად. რაც შეეხება თავდამსხმელს ნ. ფ-ს, ცინცაძისვე თქმით, იგი დაკავებულია.
ფაქტთან დაკავშირებით “გურია ნიუსი” შსს-ს დაუკავშირდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს – გ.ც.-სა და მის მეუღლეს – ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, _ უთხრეს “გურია ნიუსს” შსს-ში.
[sexy_author_bio]