მურად კვინტრაძე _ ეს სახელი და გვარი ჩოხატაურელებისათვის, დიდისა თუ პატარისთვის კარგადაა ნაცნობი.
ვისაც მასთან თუნდაც ერთხელ ჰქონია შეხება, არასოდეს დაავიწყდება თბილად მოსაუბრე და პატივსაცემი ბატონი მურადი, პატარებისთვის კი, მურადი ბიძია.
ყველასთვის საყვარელი დალაქი 19 წლიდან ემსახურებოდა ჩოხატაურელებს.
“ნამდვილი კოლორიტი ადამიანი იყო. პროფესიონალი, საქმის უსაზღვრო მოყვარული, უდიდეს პატივს სცემდა თავის პროფესიას და შენც ასე განგაწყობდა”, _ ამბობენ ჩოხატაურელები.
მურად კვინტრაძე, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას რამდენიმე ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩოხატაურის “მედალფას” საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა ბოლო დროს განსაკუთრებულად დამძიმდა და როგორც კლინიკაში ამბობენ, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. დღეს დილით კი ბატონი მურადი გარდაიცვალა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ბატონი მურად კვინტრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, ჩოხატაურის საზოგადოებას.