სამტრედიაში ,, ფაიზერით” აცრის მსურველთა რაოდენობამ იკლო. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში განუცხადეს.
აცრის კაბინეტის ექიმი, თამარ ლოლაძე აღნიშნავს, რომ მათ დაწესებულებაში დღემდე ალერგიული რეაქცია ვაქცინირებულ პაციენტებში არ დაფიქსირებულა.
,,მიუხედავად ამისა, შედარებით იკლო ასაცრელად მოსული მოქალაქეების რიცხვმა, რაც საქართველოს მასშტაბით მომატებული კოვიდ სტატისტიკის ფონზე ძალიან საგანგაშოდ მიგვაჩნია. საჭიროა თითოეულ მოქალაქემდე დავიყვანოთ ვაქცინაციის აუცილებლობა, რათა დავიცვათ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები. მით უმეტეს, რომ ბავშვთა ასაკში ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა.”
დილის ათი საათიდან 12 საათისთვის ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის აცრის კაბინეტში ,,ფაიზერის” ვაქცინით აცრილია 7 მოქალაქე, მათ შორის 67 წლის ქეთევან ჯიქია, რომელმაც ,, გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა:
,,დღეს გავიკეთე მეორე აცრა ,, ფაიზერის” ვაქცინით. ავიცერი იმისათვის, რომ თავი დავიცვა ამ ვერაგი დაავადებისგან, დავიცვა შვილები და ერთადერთი შვილიშვილი, რომელიც წელს სტუდენტი გახდა.”
[sexy_author_bio]