იუსტიციის სამინისტროს განცხადებიდან რამდენიმე საათში, ჯანდაცვის მინისტრმა და მისმა მოადგილემ იმ მედიკოსებთან გამართეს შეხვედრა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩაერთვებიან, მათ შორის შეხვედრაზე, ექსპრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც იმყოფებოდა. შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა.
„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას“, – განაცხადა გაბუნიამ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.