დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, _ ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყველამ უნდა იფიქროს შერიგებაზე და ქრისტიანულ მიტევებაზე.
„მე ვერ გეტყვით როგორ გრძნობს თავს. რაც ვნახე, ჩვეულებრივად გამოიყურება. გარდა იმისა, რომ ადამიანური საუბარი გვქონდა, მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი – ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს.
ვუთხარი ბატონ მიხეილს, რომ ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას, უნდა შევურიგდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს… დიდი სისხლია დაღვრილი ჩვენი მხრიდანაც და მათი მხრიდანაც. ანგარიშსწორება არ იქნება პერსპექტიული. მე ეს ვთხოვე ბატონ მიხეილს და მან თავის მიმართვაში ჩაწერა, რაც იმედი მაქვს, გამოქვეყნდება. მინდა თქვენც მოგიწოდოთ, რომ შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა ერთმანეთის მიმართ. დიდი იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და დაიწყება ახალი ერა, ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმით, რომ მოქმედი და მომავალი ხელისუფლება ერთმანეთთან საერთო ენას გამონახავენ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.