სოფლად მცხოვრები ქალების დღე პირველად აღინიშნა 2008 წლის 15 ოქტომბერს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს „სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს ადგილობრივ განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში“.
“გურია ნიუსის“ კითხვას _ რა პრობლემების წინაშე დგანან სოფელში მცხოვრები ქალები და როგორია ამ პრობლემების მოგვარების გზები? _ არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ პროექტების მენეჯერმა ნინო ურუშაძემ.
“სოფელში მცხოვრები ქალებს უფრო მეტი შრომა უწევთ, ვიდრე კაცებს და ეს არაერთი კვლევითაა დადასტურებული. გარდა იმისა, რომ ქალები ჩართული არიან მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობაში, საოჯახო საქმეებიც მათ ეკისრებათ, მაგალითად, ბავშვების მოვლა, ოჯახის დანარჩენ წევრებზე ზრუნვა, დალაგება და ა.შ.
ეს შრომა ძირითადად უხილავი რჩება და გასათავლისწინებელია ისიც, ამ სამუშაოების ფონზე, მათ ბევრი დაბრკოლება ხვდებათ: უწყლობა, საბავშვო ბაღების ნაკლებობა ან საერთოდ არქონა იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობენ. ეს პრობლემები კაცებს ნაკლებად აწუხებთ, რადგან ძირითადი ტვირთი ამ შემთხვევაშიც ქალებზე მოდის, რადგან ქალმა უნდა გააკეთოს საჭმელი, დარეცხოს ჭურჭელი, სარეცხი, მოუაროს ბავშვებს და ა.შ.
გარდა იმისა, რომ მათ ფაქტობრივად დრო აღარ რჩებათ საკუთარი თავისთვის, დრო აღარ რჩებათ იმისათვის, რომ ჩართული იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არადა მათი აქტიურობა აუცილებელია თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. თუ ქალები აქ არ იქნებიან წარმოდგენილი, კაცები ნაკლებად გააჟღერებენ იმ პრობლემებს, რაც ქალებს აწუხებთ და ამის მაგალითები გვაქვს ჩვენ ის, რომ გენდერულად ბრმა პოლიტიკა, რაც ამ ქვეყანაშია. გამოსავალი რა მგონია – ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით, გენდერული სტერეოტიპებთან ბრძოლა, რომ არ არსებობს ,,ქალის საქმე” და ,,კაცის საქმე” შრომის თანაბრად გადანაწილება ოჯახში და სახელმწიფოს მხრიდან გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავება“, _ გვითხრა ნინო ურუშაძემ.
[sexy_author_bio]