ჩოხატაურელი ქეთევან გოგია პირველია იმ სიის სათავეში, ვისაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, დროშის აღმართვის ცერემონიაში მონაწილეობის პატივი ერგო, _ ინფორმაცია ამის შესახებ ლიცეუმის ვებგვერდზე ვრცელდება.
“სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ლიცეუმში კადეტთა სამოტივაციო პროგრამები ამოქმედდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცეუმში ტრადიციული ხასიათის ღონისძიება – დროშის აღმართვის ცერემონიალი განახლდა. დროშის აღმართვის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს კადეტებმა: ქეთევან გოგიამ, გიორგი ბრუნჯაძემ და მარიამ რაზმაძემ. მათ ეს პატივი გასული სასწავლო კვირის შედეგების შეჯამების მიხედვით დამსახურებულად მოიპოვეს.
დროშის აღმართვის ცერემონიალი ერთ-ერთია იმ პროგრამებს შორის, რომლებიც კადეტთა მოტივაციის და აკადემიური დონის ამაღლებას უწყობს ხელს. ღონისძიებაში მონაწილეობის უფლება აქვს ყოველი სასწავლო კურსიდან ერთ კადეტს, რომელიც სასწავლო კვირის განმავლობაში გამოირჩევა მაღალი აკადემიური შეფასებით, ფიზიკური მომზადების დონითა და დისციპლინით. აღნიშნული ნიშნით, გამორჩეულ კადეტებს ენიჭებათ უფლება, პირადი შემადგენლობის თანდასწრებით, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, აღმართონ სახელმწიფო დროშა.
საპატიო ღონისძიებაში ხუთჯერ მონაწილეობის შემთხვევაში, კადეტს, ლიცეუმისაგან გადაეცემა ფასიანი საჩუქარი, კერძოდ, მას კადეტთა სამხედრო ლიცეუმი დაუფინანსებს სასერტიფიკაციო პროგრამებს. გასულ წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა სამ კადეტს დაუფინანსა ისეთი სასერტიფიკაციო პროგრამები როგორიცაა: გრაფიკული დიზაინი და პროგრამირების ენა -„JAVA”. კადეტს თავად ეძლევა შესაძლებლობა დღესდღეობით ყველაზე მოთხოვნადი რამდენიმე პროგრამიდან აარჩიოს მისთვის სასურველი პროგრამა”, _ წერია ლიცეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ქეთევან გოგიამ ცხრა კლასის ბაზა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში წარმატებით დაამთავრა გასულ სასწავლო წელს და ასევე წარმატებით ჩააბარა ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში.
ვულოცავთ ქეთას ამ პირველ, დიდ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ ახალ გზაზე.