დიდი ხანი არ არის, რაც დანიამ ყველა კოვიდრეგულაცია მოხსნა და ქვეყანა ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდა. იყო ეჭვები შეზღუდვების მოხსნა გაამართლებდა თუ არა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან გაამართლა და ხალხს პირბადის არსებობა, ფაქტობრივად, დაავიწყდა. იქ არსებულ სიტუაციაზე, ასევე საქართველოში შექმნილ უმძიმეს ეპიდვითარებაზე ონკოლოგი ზაზა უჯმაჯურიძე საუბრობს, რომელიც დანიაში მუშაობს.
– ბატონო ზაზა, დანია იყო მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ყველა კოვიდრეგულაცია მოიხსნა… რამდენად გაამართლა შეზღუდვების მოხსნამ?
– დიახ, ძალიან გაამართლა… დანიაში პირბადის გამოყენება არსად აღარ არის სავალდებულო. სურვილი თუ ვინმეს აქვს, რასაკვირველია, შეუძლია ატაროს… ერთადერთი – პირბადის გამოყენების ვალდებულება რჩება მხოლოდ აეროპორტში, რადგან აეროპორტი საერთაშორისო სივრცეა და ათასი ქვეყნის წარმომადგენელი ირევა…ამას წინათ აეროპორტში მოვხვდი და გამიკვირდა, ყველას რომ პირბადე ეკეთა, მერე გამახსენდა, რომ სავალდებულო იყო. უზარმაზარი სივრცე პირბადის გარეშე გავიარე და შენიშვნა არ მოუციათ. იმდენად დამავიწყდა პირბადის აუცილებლობა, სხვებს რომ ეკეთათ, მიკვირდა…
საავადმყოფოში ხელების ჰიგიენა, ერთმანეთთან ნაკლები კონტაქტი, სასურველია… არადა დანიელები თბილი ხალხია, უყვართ ერთმანეთის ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ახლა ყველა ერიდება… ეს საავადმყოფოში, თორემ მოსახლეობა ჩვეულებრივ განაგრძობს ბედნიერ ცხოვრებას. არც ტესტი გჭირდება არსად და არც არაფერი… ეს კი არა, უკვე საუბარია, რომ აცრილს თუ კოვიდის სიპტომები აქვს, მას ტესტიც კი არ სჭირდება, რადგან გადამდები აღარ არისო. თუმცა ამ საკითხზე დისკუსია მიდის…
სრულიად დავუბრუნდით ნორმალურ ცხოვრებას. ძალიან პატარების, 12 წლამდე ბავშვების ჯგუფი, რომლებიც არ არიან აცრილი, მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია და რადგან ყველაფერი გაიხსნა, დადებითობის მაჩვენებელმა სულ ოდნავ მოიმატა… ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან დაბალია.
მე უკვე მივიღე მოწვევა, რომ მესამე აცრა ჩავიტარო და ძლივს ვიპოვე ადგილი, იმდენად დიდი მოთხოვნა იყო… ორ კვირაში იყო პირველი თავისუფალი ადგილი და რასაკვირველია, დაუფიქრებლად ჩავეწერე… პრიორიტეტი ჰქონდათ ქრონიკული დაავადების მქონეებს და მედპერსონალს. მე, როგორც მედპერსონალი, ადრე გამომიძახეს… ჯგუფების მიხედვით ყველას ეტაპობრივად მოუწევს…
– ისრაელმაც აცრა მოსახლეობა, მაგრამ იქ ისევ იფეთქა…
– ისრაელში არ იყო აცრილთა რიცხვი ასე მაღალი. იქ მოსახლეობის 60 პროცენტამდე იყო აცრილი და დანიაში ორჯერ აცრილები 90 პროცენტამდეა…
– ვიცი, რომ მუდმივად თვალს ადევნებთ საქართველოში რა ვითარებაა და რას იტყოდით?
– ძალიან რთული სიტუაციაა და ძალიან ვწუხვარ! მაქსიმალურად უნდა მოხდეს მოსახლეობის აცრა, მთავარი აცრაა! საქართველოში იმდენად რთული სიტუაციაა, ბოლომდე რეგულაციებსაც ვეღარ განკარგავ! მხოლოდ პოლიტიკური ამბების გამო კი არა, ხალხსაც მობეზღრდა უკვე რეგულაციების დაცვა… თავად შევესწარი მაღაზიაში, დაცვის წევრმა ძალიან თავაზიანად შენიშვნა მისცა ერთ კაცს, პირბადე გაესწორებინა და მან არათუ შენიშვნა მიიღო, აქეთ შემოედავა… მერე ვითომ გაისწორა და როგორც იქაურობას გასცდა, იქვე ჩამოიწია… ეს უკვე შინაგანი კულტურის საკითხია…
– დანიის მსგავსად საქართველო პატარა ქვეყანაა და შეგვეძლო ვირუსის მართვა? თქვენ როგორ ფიქრობთ?
– აქ იჩინა თავი, თუ რაოდენ ცუდია ზოგადად დეცენტრალიზებულობა და არა-ერთობა. სამწუხაროა, სუსტად წარიმართა პროპაგანდა, თუ რამდენად აუცილებელია აცრა! არაკომპეტენტურებმა, არაკვალიფიციურებმა აცრების საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყეს. ვერანაირი კონტროლი მათ ვერ გაუწიეს… ამერიკაშიც ძალიან დიდია ანტივაქსერთა რიცხვი, მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა და შეგვეძლო კარგად დაწყებული საქმე კარგად გაგვეგრძელებინა.
ძალიან დიდი ბრალი მიუძღვით იმ არაკვალიფიციურ ექიმებს, რომლებიც აცრების საწინააღმდეგოდ გამოდიან. პაციენტებს მოუწოდებენ, არ აიცრათო და რაღა უნდა გაკეთდეს ამის მერე, მე აღარ ვიცი!
მგონია, რომ სერიოზული შიშები ინერგებოდა რელიგიის მხრიდანაც, თითქოს აცრა საშინელ სულის წაწყმედას იწვევდეს. ძნელია ამას რამე ლოგიკური არგუმენტით უპასუხო. თუმცა გავიგე, რომ ეკლესია ახლა უფრო აქტიურად გამოდის და ხალხს აცრას მოუწოდებს, რაც მისასალმებელია, მაგრამ უკვე ბევრი რამ დაიკარგა ამ ბრძოლაში. ვიცი, რომ იგივე ეკლესიაში ბევრი იცრება, სხვებსაც მოუწოდებს და ასე შეგნებულად უნდა მოიქცეს ყველა!
თქვენ კითხვაზე, თუ მე რას გავაკეთებდი, პასუხზე თავს შევიკავებ, რადგან ჩემ პასუხს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ პანდემია 2022 წელშიც მძლავრად იქნება, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხერხი, რომელთა შორის უმთავრესია აცრები. ვთხოვ ყველას – მთავრობას, ექიმებს, ეკლესიას, რომ მაქსიმალურად მივიტანოთ მოსახლეობამდე ინფორმაცია აცრის აუცილებლობის შესახებ, ასევე იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება აცრების მზარდი რაოდენობით.
წყარო: ამბები.ge