„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადება, რომ „მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას აპირებენ, სადაც შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ სააკაშვილის გატაცება“, სისულელეა.
ამის შესახებ სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„ეს ხომ ბოდვაა და მეტი არაფერი. რაღაც სისულელეს იტყვიან, შემდეგ უნდა ვიდგეთ და ვაკეთოთ კომენტარები. კიდევ რომელი სპეცრაზმია, განადან შემოდის სპეცრაზმი ახლა, რომელიც (მიხეილ სააკაშვილს) წაიყვანს და საჰარის უდაბნოში შიმშილობას უნდა დაუმატონ ის, რომ მწყურვალიც იყოს? ისე კარგად არის დაცული, რომ თუ ვინმეს მსგავსი გეგმა აქვს, მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ, ეს გეგმა ვერ იმოქმედებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის ვადას საქართველოს ციხეში მოიხდის. მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა არ იგეგმება.
„მსგავსი მოთხოვნა არ არსებობს და მეორე – უკრაინას არ გადაეცემა. მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს ადამიანი მოიხდის იმ 6 წელს საქართველოს ციხეში. ძალიან დიდი სურვილიც, რომ ჰქონდეს უკრაინას გადავცეთ და ჩვენც, რომ გვქონდეს სურვილი გადავცეთ, ვერ გადავცემთ. გარდა იმ საქმეებისა, რაზეც ის არის მისჯილი, ორი მიმდინარე საქმეა და შეუძლებელია ადამიანი გაუშვა და სასამართლო პროცესი ისე ჩაატარო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.