მიხეილ სააკაშვილს ბრწყინვალე მეხსიერება აქვს, საუბრისას გავიხსენეთ დეტალები არა მხოლოდ ჩვენი პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც გვქონდა პოლიტიკური ცხოვრების და თანამშრომლობის სხვადსხვა ეტაპზე, არამედ საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის კონკრეტული თარიღები და ფაქტებიც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ რუსთავში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნიკა მაჭუტაძემ მიილ სააკაშვილის მონახილების შემდეგ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მას ნამდვილად ეტყობა შიმშილობის შედეგები ფიზიკურად, გონებრივად იმყოფება ძალიან აქტიურ ფორმაში.
„მეხსიერება აქვს ბრწყინვალე, მასთან ხანგრძლივი საუბრის დროს გავიხსენეთ ისეთი დეტალები, არა მხოლოდ ჩვენი პირადი ურთიერთობებიდან, რომელიც გვქონდა პოლიტიკური ცხოვრების და თანამშრომლობის სხვადსხვა ეტაპზე, არამედ საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის კონკრეტული თარიღებიც და ფაქტებიც ძალიან კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილს. ვფიქრობ, ეს პატიმრობა არის პატიმრობა ქართველი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო პოლიტიკური ტყვეობა არის უკანონო პოლიტიკური და სამართლებრივი ტყვეობა საქართველოს სახელმწიფოსი. 21-ე საუკუნეში აქ სახელმწიფო პოლიტიკად აღზევდა კაციჭამიობა. ეს კაციჭამიობა უნდა დასრულდეს ძალიან მალე საქართველოს ხალხის, ქართული საზოგადოებისა და ქართველი ერის უმნიშვნელოვანესი, ძალიან აქტიური საისტორიო მნიშვნელობის პროტესტით, შეუჩერებლობით შეურიგებლობით რეჟიმთან, რომელიც ცდილობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი რუსეთთან ომში მოკლას ყველას თვალწინ. რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, ის არის ბრძოლის განწყობაზე, როგორც არასდროს ისე, ის არის აქტიური, როგორც არასდროს ისე. ის იმყოფება ასევე საოცარ ინფორმაციულ ნაკადებში. მას აქვს სრული ცნობები, ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ პროცესზე და ის არ არის, მიუხედავად რეჟიმის ცდისა, მოწყვეტილი იმ რეალობას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.