მარტვილში ისევ ხმაურია – მეუფე სტეფანეს დასჯილი და კელიებიდან გამოყრილი სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიიდან წასვლას ითხოვენ.
ისინი სალხინოს მონასტრის ტერიტორიაზე არიან შეკრებილები და ჭყონდიდელის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ და ითხოვენ, ეპარქია სხვა მღვდელმთავარს ჩააბარონ.
“ხალხის მოთხოვნაა, რომ ეპარქიაში არაკანონიერად გამოგზავნილი ეპისკოპოსი შეგვიცვალონ და გამოგვიგზავნონ კანონიერი. ავაზაკები მოვიდნენ შუა ღამეს გამოგვათრიეს, გაგვლანძღეს, გაგვთათხეს, პანღურები გვირტყეს და გამოგვიშვეს გარეთ და დაგვტოვეს ქუჩაში”,– ამბობს სტეფანეს დასჯილი სასულიერო პირი.
ცნობისთვის, გუშინ 5 ნოემბერს, სალხინოს მონასტერში ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო.
გამთენიისას ადგილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
შეგახსენებთ, მეუფე სტეფანემ მის მიერ განკვეთილ ბერებს მონასტრის დასატოვებლად ვადა 4 ნოემბრამდე მისცა. გუშინ კი მისი გადაწყვეტილების აღსრულება პოლიციის ძალით დაიწყო.