სასწავლო პროცესი ოზურგეთის სამ სკოლაში სრულად შეჩერებულია, რამდენიმე სკოლაში კი წერტილოვანი შეზღუდვებია დაწესებული,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ელზა სიმონიშვილმა ოზურგეთში არსებული ეპიდვითარების შესახებ საუბრისას განუცხადა.
„ეპიდემიოლოგიური ფონი დამძიმებული გვაქვს. ყოველდღე რამდენიმე ათეული ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლა, შრომის საჯარო სკოლა და ურეკის საჯარო სკოლა სრულად დისტანცირებულ სწავლების რეჟიმზე გადავიყვანეთ 12 დღის განმავლობაში, რადგან აქ დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები პედაგოგებში. შრომაში ასევე მოსწავლეს დაუფიქსირდა ინფიცირება. ბოხვაურის საჯარო სკოლა, ნომერ მეორე საჯარო სკოლა, პირველი საჯარო სკოლა, ბახვის საჯარო სკოლა, ზემო ნატანების სკოლა, ციხისფერდი, ზემო ნატანების, ციხისფერდის, გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სკოლები გადაყვანილია ნაწილობრივად დისტანცირებულ სწავლებაზე“,_ ამბობს სიმონიშვილი.
რაც შეეხება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში არსებულ ვითარებას, დახურულია 1-ლი საბავშვო ბაღი 29 ოქტომბრიდან 2 კვირის განმავლობაში, ასევე დახურულია მეოთხე ბაღში 1 ჯგუფი, მეშვიდე ბაღიც დახურულია 1 კვირით, მე-9 ბაღში დახურულია 1 ჯგუფი, დახურულია ჭანიეთის ბავშვთა ბაღიც. დანარჩენ ბაღებშიც კონტროლი და ეპიდკვლევები მიმდინარეობს.