„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ თბილისში რამდენიმე აქცია გაიმართება. მელიამ ასევე აქციაზე მისულ ადამიანებს განუცხადა, რომ ღამის გათენება არ არის აუცილებელი.
„ხვალ დილიდან, 11:00 საათზე ერთდროულად სამ ადგილას გაიმართება აქცია – იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან, სადაც მთელი სიბოროტეა და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია, ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, იქნება მეოთხე ადგილასაც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ. ყოველდღე შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვებებით. დილიდან ენერგია უნდა გამოვაცალოთ რეჟიმს და არა ღამისთევებით რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედანზე. აპრობირებული მეთოდია ბრძოლის გაშლის სხვადასხვა ფრონტზე. წუწუნის დრო არ არის, ბრძოლის დროა. ყოველ დღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება. გეგმებს შეგატყობინებთ ხოლმე რამდენიმე წერტილთან მიმართებაში. ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ დავასახელებ და იმტვრიონ თავი „ქართული ოცნების“ სპეცდანიშნულების რაზმებმა, თუ პოლიციის უფროსებმა. ძალ-ღონე უნდა მოვიკრიბოთ. გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს. გვახსოვდეს, რომ ადამიანი მე-40 დღეა, შიმშილობს და სახლში ჯდომის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ღამის თენება არ არის აუცილებელი, მაგრამ დილიდან მთელ თბილისში გაშლა ამ პროტესტის ხვალიდან მოხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.