პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ბელარუსი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.
პოლონეთის ლიდერის თქმით, უკვე რამდენიმე კვირაა, ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტები თვითმფრინავებით მინსკში ჩაჰყავთ, შემდეგ კი ბელარუსის დასავლეთ ნაწილში – პოლონეთსა და ლიეტუვასთან საზღვრებთან მიჰყავთ.
როგორც გამოცემა წერს, მორავეცკიმ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე შექმნილ ვითარებას არა მიგრაციული, არამედ პოლიტიკური კრიზისი უწოდა და აღნიშნა, რომ კრიზისის მიზანი ევროკავშირში დესტაბილიზაციის შექმნაა.
„ეს, არის ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს, ჩუმი შურისძიება ბელორუსში 2020 წლის აგვისტოში დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერისთვის და იმ დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ მოხდებოდა,“ – თქვა მორავიეცკიმ ვარშავაში ევროკავშირთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ასევე გამოცემა წერს, რომ მიგრანტები ლუკაშენკოსა და ევროკავშირს შორის სასტიკი დიპლომატიური დაპირისპირების ცენტრშია, რომელიც ავტორიტარულ მმართველს ლეგიტიმურ ლიდერად არ ცნობს.
dpa წერს, რომ ევროკავშირი მინსკს ადანაშაულებს კრიზისის ორკესტრირებაში, საპასუხოდ ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული დასავლეთის სანქციებისთვის პოლიტიკური რეპრესიების გამო.
ცნობისთვის, 29 ოქტომბერს, პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსთან საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილება დაამტკიცა. პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების რაოდენობა 10 ათასამდე გაზარდა. 7 სექტემბერს, მიგრანტების ნაკადის ზრდის ფონზე, პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
8 ნოემბერს, ბელარუსის ტერიტორიიდან არალეგალი მიგრანტების ჯგუფმა პოლონეთთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის გარღვევა სცადა. პოლონელ მესაზღვრეებს სპეციალური საშუალებების გამოყენება მოუწიათ. პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა ბელარუსთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის სცენარს განიხილავს. 9 ნოემბერს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მტკიცედ დაიცავს თავის საზღვარს ბელარუსის რეჟიმის მხრიდან თავდასხმებისგან. ლიეტუვა და პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ მავთულხლართებს აგებენ, რათა მიგრანტების ნაკადი შეაჩერონ, რომლის ორგანიზებაშიც ბრალს ლუკაშენკოს რეჟიმს სდებენ.
[sexy_author_bio]