საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელმა ადვოკატმა, ევგენი გრუშოვეცმა გუშინ პენიტენციურისა და იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის გამოძიების ეროვნულ ბიუროს მიმართა.
ადვოკატი “მთავართან” საუბრისას ამბობს, რომ ის რაც ვიდეო მასალაში ჩანს, წამებაა და ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.
“ამ ვიდეოს ვაფასებ, როგორც წამებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამ ვითარებას ვაფასებ როგორც სისიხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც წამებასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.
ჩვენ ყველა საერთაშორისო ინსტანციას მივმართეთ და ასევე განცხადება შევიტანეთ უკრაინის საგამოძიებო ბიუროში. გავრცელებულ ვიდეოში ვიხილეთ პენიტენციური სამსახურისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. სწორედ ისინი არიან ჩვენი განცხადების სუბიექტები. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება.
ჩვენ დავადგენთ ყველა იმ პირის ვინაობას ვინც დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდა და შესაძლოა მათზე ძებნის გამოცხადება ინტერპოლის მეშვეობითაც მოხდეს. ყველა იმ პირს, რომლებიც სააკაშვილის წინააღმდეგ სჩადიან დანაშაულს, უნდა ესმოდეს რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები, დადგინდება მათი ვინაობა და დადგება მათი პასუხიმგებლობის საკითხი”, – თქვა ევგენი გრუშოვეცმა.
ცნობისთვის პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად გადაყვანის ვიდეოკადრები ორ ნაწილად 11 ნოემბერს გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს მესამე პრეზიდენტის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 43 დღეა შიმშილობს. 11 ნოემბერს, სტრასბუგრის სასამართლოს მოწოდების შემდეგ, მან მზაობა გამოთქვა პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს, ოღონდ გარკვეული დათქმებით.