ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, რომელმაც გლდანის ციხის დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა და ჟურნალისტებთან შეაფასა მისი დაცვის ქვეშ მყოფის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, ბრალდებები, რომელიც მას აქვს წაყენებული და გამოეხმაურა პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ძალადობის ამსახველ კადრებს:
“პირველ რიგში, ეს მართლაც არ არის შესაბამისი დაწესებულება ყოფილი პრეზიდენტისთვის. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის საკმაოდ მხნედ არის. ამ დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული მისი უსაფრთხოება და არც სათანადო სამედიცინო საშუალებებია იმ შემთხვევისთვის, თუ მისი მდგომარეობა გართულდა.
მე ვნახე ბრალდებები და შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში მსგავს ბრალდებებს ვერ იხილავთ. ვფიქრობ, ის, რაც მას ბრალად ედება, საერთოდ არ იქნებოდა მიჩნეული სისხლის სამართლის დანაშაულად ამერიკის კანონით, ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. თუმცა, ამჟამად ჩვენი უპირველესი საფიქრალი მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
მე არა ვარ საქართველოს სამართლის ექსპერტი და მხოლოდ იმას ვამბობ, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით მათ აქვთ ვალდებულება, რომ პატიმარზე იზრუნონ. ამიტომ, იმის მიხედვით, რაც ამ დაწესებულებაში ვნახე, ამ ვალდებულების შესრულება ადეკვატურად შეუძლებელია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პრეზიდენტს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დაწესებულებაში ის პატიმრები არიან, რომლებიც მისი მმართველობის დროს დააპატიმრეს.
ვნახე იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კადრები და მინდა ვთქვა, რომ ნამდვილად შემაშფოთებელია ის, თუ როგორ ეპყრობიან ყოფილ პრეზიდენტს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველაზე მთავარი ამ დაწესებულების შეუსაბამობაა. ეს არ არის საავადმყოფო, ეს არის საპატიმრო, სადაც არის სამედიცინო პუნქტი, თუმცა ის არ არის საკმარისად აღჭურვილი, რომ სიტუაციის დამძიმების შემთხვევაში პაციენტს ადეკვატური დახმარება აღმოუჩინონ” – ამბობს ჯონ სენდვიჯი.