საქართველოს კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვილი პაჭკორიამ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო – ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროსთან ოპოზიციის აქციაზე განაცხადა:
“საქართველოს კლინიკების ასოციაციამ რამდენჯერმე გააკეთა განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ციხის ე.წ ამბულატორია არ წარმოადგენს სტაციონარს და ტყუილად ნუ გვატყუებს ჯანდაცვის სამინისტრო და ნუ წარმოგვიდგენენ მას როგორც მაღალი დონის სტაციონარს, ეს არის გამორიცხული, ის არ აკმაყოფილებს არანაირ კრიტერიუმებს და იქ ყოფნა მესამე პრეზიდენტისა ფაქტიურად არის სასიკვდილო განაჩენი.
აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ ჯანდაცვის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს მისთვის შესაბამისი მრავალპროფილური სტაციონარი, ქალაქის ტიპის და გადაიყვანოს მესამე პრეზიდენტი საქალაქო ტიპის სტაციონარში, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე წუთში ამ საკითხზე არ შეგვხვდება, გაგვესაუბრება და მოგვცემს პირობას, მე ვიწყებ შიმშილობას ჯანდაცვის სამინისტროს წინ”, – განაცხადა პაჭკორიამ.