ტრაპიზონში, რიგით მეხუთე ლიტერატურულ ფესტივალზე, ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო “პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადაეცა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის საზოგადობა “UთEF”-ის და შავი ზღვის მწერალთა კავშირის ინიციატივით, ტრაპიზონში რიგით მეხუთე ლიტერატურული ფესტივალი გაიხსნა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 18 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის: იტალიიდან, ირანიდან, იაპონიიდან, აზერბაიჯანიდან და სხვ.
“აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ფესტივალი საქართველოს და გამოჩენილ ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს მიეძღვნა.
12 ნოემბერს ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ორგანიზატორთა მიერ საქართველოდან საპატიო სტუმრების სტატუსით მიწვეულნი იყვნენ პოეტი ტარიელ ხარხელაური და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი. ლიტერატურული ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონიალს ტრაპოზონის მერმა მურათ ზორლუოღლუმ უმასპინძლა, რომელმაც ფესტივალის ორგანიზატორთან, ესმა ალა თურქმენთან ერთად ტარიელ ხარხელაურს ფესტივალის უმაღლესი ჯილდო “პოეზიის ცოცხალი ლეგენდის” ორდენი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდა ცნობილი ქართველოლოგი, არაერთი ქართული ნაწარმოების თურქულ ენაზე მთარგმნელი პროფ. ჰარუნ ჩიმქე. ტრაპოზონის მერმა მურათ ზორლუოღუმ მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფ. გიორგი სოსიაშვილს, ტრაპიზონის საერთაშორისო ლიტერატული ფესტივალის მხარდაჭერისთვის, მისი თქმით, თურქეთის და საქართველოს კულტურული ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით ასეთი აქტივობების განხორციელება ძალზე მნიშვნელოვანია და მსგავს ღონისძიებებს ტრაპიზონის მერიის მხრიდან აუცილებლად ექნება ხელშეწყობა. მან დიდი პატივისცემა გამოხატა ტარიელ ხარხელაურის მიმართ, რომლის სახელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა ფესტივალს.
დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ქართულ დელეგაციას ტრაპიზონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე უმასპინძლეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.